ჩინური ბანკები ჰონგ-კონგის კრიპტობუმით სარგებლობენ

ფოტო - ჩინური ბანკები ჰონგ-კონგის კრიპტობუმით სარგებლობენ
მოულოდნელად, ჩინური ბანკები ჰონგ-კონგის კრიპტოკომპანიებთან თანამშრომლობით დაინტერესდნენ, რადგან ქალაქს სურს, ციფრული აქტივების წამყვან ჰაბად იქცეს. როგორც მანამდე ვწერდით, 2023 წლის 1 ივნისიდან ჰონგ-კონგი კრიპტოვალუტისა და მასთან დაკავშირებული ყველა სავაჭრო-საფინანსო ოპერაციის ლეგალიზებას გეგმავს.
ეს ზოგიერთი მოთამაშის მხრიდან საკმაოდ გაბედული ნაბიჯია, რადგან თავად კონტინენტურ ჩინეთს მსგავსი გეგმები არ გაუჟღერებია, ხოლო კრიპტოვალუტით ვაჭრობაზე აკრძალვა ქვეყანაში უკვე წელიწადზე მეტია მოქმედებს.
 
Bloomberg-ის ანონიმური წყაროების ცნობით, ისეთი დაწესებულებები, როგორიცაა Bank of Communications, Bank of China და Shanghai Pudong Development Bank, უკვე იწყებენ ადგილობრივი კრიპტოკომპანიებისთვის თავიანთი მომსახურების მიწოდებას, ან აქტიურად იკვლევენ ამ შესაძლებლობას ბაზარზე. ერთ-ერთი ბანკის წარმომადგენლები, თანამშრომლობაზე მოსალაპარაკებლად, კრიპტოვალუტური ფირმების ოფისებსაც კი სტუმრობდნენ.
 
ასეთი ნაბიჯი შეიძლება ნიშნავდეს პეკინის უსიტყვო მხარდაჭერას. ბაზრიდან ისეთი ამერიკული ტექნოლოგიური ბანკების გასვლამ, როგორიცაა Silicon Valley Bank, Silvergate და Signature Bank, წარმოშვა სიცარიელე, რომლის შევსება ახლა ჩინურ კომპანიებს შეუძლიათ. ამას ხელს უწყობს აშშ-ის ფინანსური მარეგულირებლების ამჟამინდელი პოლიტიკა, რომელიც ინდუსტრიას თრგუნავს.
 
ამავდროულად, კრიპტოფირმებისთვის საბანკო სერვისების უზრუნველყოფა კვლავ რთული რჩება, ვინაიდან ტრადიციული ბანკები ანონიმურობისა და "იცნობდე შენს კლიენტს" პროცედურების დაცვასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავენ. კორპორაციული საბანკო ანგარიშის მისაღებად კრიპტოვალუტურ კომპანიებს შეიძლება სამ თვემდე დასჭირდეთ და მაშინაც კი, ციფრულ აქტივებთან დაკავშირებული ტრანზაქციები ხშირად მონიშნულია, როგორც საეჭვო, ანგარიშები კი შეიძლება მოულოდნელად დაიბლოკოს. მაგრამ, ეს სიტუაცია უახლოეს მომავალში შეიძლება შეიცვალოს კიდეც. 
 
ჰონგ-კონგში არსებული პოზიტიური კრიპტოვალუტური ტენდენციის მიუხედავად, არ უნდა დავივიწყოთ გეოპოლიტიკური საკითხები. ახლა ჩინეთს აშშ-თან არც თუ ისე კარგი ურთიერთობა აქვს, ხოლო მისი პოზიცია უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით კი  გაუგებარია. ანუ, შეიძლება მოხდეს ისე, რომ უცხოურმა პროექტებმა, რომლებმაც ჰონგ-კონგში თავშესაფარი იპოვეს, ვერ შეძლონ, ან არ მოისურვონ ჩინურ ბანკებთან თანამშრომლობა, რაც მათი მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუ ჩინეთი აგრესორ ქვეყანას არ გაემიჯნება.