ОS-ის მიმოხილვა: რომელი სისტემა სჯობს მაინინგისთვის

ფოტო - ОS-ის მიმოხილვა: რომელი სისტემა სჯობს  მაინინგისთვის
ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც კრიპტოვალუტების მაინინგითაა დაკავებული, ოპერაციული სისტემის ამორჩევა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე აღჭურვილობის შერჩევა. სწორედ ამ ორი მდგენელის მაქსიმალურ თავსებადობაზე და ოპტიმიზაციაზეა პირდაპირ დამოკიდებული ჰეშრეიტი და მაინინგის ეფექტიანობა.
ნოდის განლაგებისა და მაინინგ ფერმის შექმნისას ყურადღება უნდა მივაქციოთ არა მხოლოდ აღჭურვილობას, არამედ პროგრამულ უზრუნველყოფასაც. საქმიანობის ოპტიმიზაციისა და მარგი ქმედების კოეფიციენტის უმაღლეს ნიშნულზე ასაყვანად უნდა დავაინსტალიროთ შესაბამისი ოპერაციული სისტემა (OS). მას ეკისრება ვიდეობარათების (GPU) და მაინინგის პროგრამული უზრუნველყოფის მუშაობის მხარდაჭერა. ჰეშრეითი და კომპიუტერული ვირუსებისადმი მგდრადობა ასევე OS-ზეა დამოკიდებული. მაინინგისთვის პოპულარული ოპერაციული სისტემებია Windows და Linux, ასევე სპეციალიზებული გადაწყვეტილებები - HiveOS, RaveOS, EthOS და სხვა.

თითოეულ ოპერაციულ სისტემას თავისი მოთხოვნები და შეზღუდვები გააჩნია

მაინინგისთვის ოპერაციული სისტემის არჩევა, პირველ რიგში დამოკიდებულია შეძენილ აღჭურვილობაზე. თუ ფერმა აწყობილია უახლესი თაობის ვიდეობარათებით, დაგჭირდებათ ახალი დრაივერები და თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფა - OS-ის ძველი ვერსიები მათ ვერ ცნობენ. ასევე, ახალ ოპერაციულ სისტემებს შეუძლიათ დიდი რაოდენობის GPU ბარათების მხარდაჭერა. მოძველებულ Windows 7-ს, რომელსაც Microsoft აღარ ანახლებს და არ ემსახურება 2020 წლიდან, აქვს GPU-ს დაერთების ლიმიტი - ერთდროულად არაუმეტეს ხუთი ერთეულისა.

მაგრამ, ძველ ოპერაციულ სისტემებს ძლიერი მხარეებიც აქვთ: ისინი იკავებენ ნაკლებ ადგილს HDD-ზე, შეიცავენ ბევრად ნაკლებ ნაგულისხმებ პროგრამებს და მხარს უჭერენ ძველ დედაპლატებსა და CPU-ებს (პროცესორებს).

Windows

Microsoft-ის ფანატ მაინერებს შორის მიმდინარეობს  დავა და უთანხმოება იმის თაობაზე, ამ მწარმოებლის ოპერაციული სისტემის რომელი ვერსიაა საუკეთესო მაინინგისთვის. ზოგი მხარს უჭერს რარიტეტულ, მაგრამ რესურსების მიმართ არამომთხოვნ „შვიდიანს“, სხვები კი საუკეთესო ვარიანტად უფრო თანამედროვე „ათიანს“  თვლიან. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ  „თერთმეტი“ „ათიანის“ ასლია, და ამ დროს უფრო მეტ რესურსს საჭიროებს.

ერთ საკითხზე ყველა თანხმდება - კრიპტოვალუტის მაინინგისთვის 32-ბიტიანი სისტემები არ გამოიყენება, რადგან მხოლოდ 64-ბიტიანი OS არის გამოსადეგარი ამ საქმიანობისთვის.

Windows 7 იყენებს ნაკლებ რესურსს, რითაც დატვირთვასა და სისტემის წარმადობას აბალანსებს, მაგრამ მხარს უჭერს მაქსიმუმ ხუთ GPU-ს.

Windows 10 უზრუნველყოფს უფრო მეტი GPU-ის გამოყენების შესაძლებლობას (12+ ბოლო განახლებების შემდეგ), მაგრამ ამ ოპერაციული სისტემის კონფიგურაცია უფრო რთულია და, მან, შესაძლოა, უახლესი თაობის გრაფიკული ბარათების იგნორირება მოახდინოს.

Windows 11 იდეალურია 2022-2023 წლის GPU-ებისთვის, მაგრამ ვერ ცნობს მოძველებულ  პლატებს.

Linux / Ubuntu

Linux-ის ერთ-ერთ საუკეთესო ვერსიად ბევრი Ubuntu-ს  მიიჩნევს. ეს არის კარგად გამოცდილი OS, მოსახერხებელი GUI-ით (მომხმარებლის გრაფიკული ინტერფეისი). ის ბევრად უფრო საიმედოა, ვიდრე Windows, რადგანაც უკეთესად არის დაცული ვირუსებისა და ქსელური შეტევებისგან და ასევე მოიხმარს მინიმალურ რესურსებს. OS ვრცელდება უფასოდ, როგორც open-source  სოფტი და ის ყველასთვის ხელმისაწვდომია.

სწორი კონფიგურაციის შემთხვევაში, Ubuntu უზრუნველყოფს Windows-ზე მეტ ჰეშრეიტს. სხვაობამ შეიძლება მიაღწიოს 45%-ს და ეს სერიოზული პლუსია Linux-ის სასარგებლოდ. დღეისათვის აქტუალური ვიდეობარათების შემთხვევაში, ჰეშრეიტის მატება თითქმის შეუმჩნეველია, ან საერთოდ არ არსებობს.

HiveOS

ეს არის ვიწროსპეციალიზებული ოპერაციული სისტემა, რომელიც დაფუძნებულია Linux-ის Ubuntu 16.04 LTS-ის ვერსიაზე. მას აქვს შესაბამისი ინტერფეისი კრიპტოვალუტების მაინინგის ფერმის კონფიგურაციისთვის და მხარს უჭერს 19-მდე მოწყობილობას. HiveOS-ის ფუნქციონალი უზრუნველყოფს საფულეების მართვის, მაინინგის პროგრამული უზრუნველყოფის ოპტიმიზაციის, GPU-ს აჩქარების, ჰეშრეიტის მონიტორინგის და მრავალი სხვა ოპერაციების შესრულების შესაძლებლობას.

თქვენ შეგიძლიათ დისტანციურად აკონტროლოთ და მართოთ ნოდი - ამისთვის HiveOS-ს გააჩნია რეალიზებული ვებ-ინტერფეისი. ოპერაციულ სისტემას მინიმალური რესურსი ესაჭიროება, ამიტომ ის მუშაობს ისეთ ძველ კომპიუტერებზეც კი, რომლებსაც ოპერატიული მეხსიერება (RAM) 2 გბ-ის ფარგლებში აქვთ.

HiveOS შეიძლება დაინსტალირდეს ფლეშ-ბარათზე, HDD-ზე ან SSD-ზე - მას  მხოლოდ 8 გბ თავისუფალი ადგილი სჭირდება.

OS-ის ინსტალაციასა და ოპტიმიზაციას 15-20 წუთზე ნაკლები დრო სჭირდება. კრიპტოვალუტის მაინინგი ავტომატურად იწყება - საფულის პულთან დაკავშირებისთანავე.

RaveOS

ეს OS შეიქმნა სპეციალურად ციფრული მონეტების მაინინგისთვის, იმ დროისთვის არსებული პლატფორმების ხარვეზებისა და მომხმარებლების რეკომენდაციების გათვალისწინებით. RaveOS მუშაობს 600-ზე მეტ პულთან და მხარს უჭერს თითქმის 50 პროგრამულ პროდუქტს კრიპტოვალუტის მაინინგისთვის.  

RaveOS გაძლევთ საშუალებას განახორციელოთ კონფიგურაცია, აკონტროლოთ და მართოთ ASIC-მაინერები და ფერმები. ის მხარს უჭერს GPU-ების ფართო სპექტრს, სწრაფად ინსტალირდება, აიდენტიფიცირებს მოწყობილობებს და ისინი მართვის პანელზე გამოჰყავს. ამ ოპერაციული სისტემის გამოყენება უფასოდაც შეიძლება, თუ ფერმა შედგება არაუმეტეს სამი GPU-სგან.

ფერმების მონიტორინგი მობილური აპლიკაციის საშუალებით არის შესაძლებელი ნებისმიერი ადგილიდან. ასე თქვენ შეგიძლიათ გამოავლინოთ გადახურება ან ჰეშრეიტის შემცირება და დროულად მიიღოთ საჭირო ზომები.

RaveOS-ს აქვს რეფერალური პროგრამა. თითოეული მოწვეული მომხმარებლისთვის შეგიძლიათ მიიღოთ ჯილდო.

EthOS

სახელწოდებიდანაც ჩანს, რომ ჩვენ საქმე გვაქვს Ether-ის მონეტების მაინინგისთვის საუკეთესო ოპერაციულ სისტემასთან. ეს არის ოპტიმიზებული Linux, რომელიც მოითხოვს მინიმალურ კონფიგურაციას ETH-ის მაინინგისთვის და ასეთი ფორმატი ყველა ახალბედას მოსწონს. პროგრამული უზრუნველყოფა ავტომატურად განსაზღვრავს ფერმისთვის აუცილებელ პარამეტრებს და მომხმარებელს მხოლოდ პულის მისამართის დაზუსტება დასჭირდება. ეს ოპერაციული სისტემა არ შემოიფარგლება მხოლოდ ეთერის მაინინგით, არამედ შესანიშნავია ალტკოინების მოჭრისთვის სხვა ალგორითმებზე, კერძოდ, საუბარია ანონიმურ მონეტებზე Monero-სა და Zcash-ზე.

რომელი ოპერაციული სისტემაა მაინინგისთვის საუკეთესო

უნივერსალური ოპერაციული სისტემა, რომელიც თვალის დახამხამებაში შეძლებს მაინერის ყველა პრობლემის გადაჭრას, არ არსებობს. ფერმების მეპატრონეები იძულებულნი არიან აირჩიონ საუკეთესო ვარიანტი მცდელობებისა და შედარებების გზით, აღჭურვილობის და იმ აქტივის ტიპის მიხედვით, რომლის მაინინგიც იგეგემება. მათ  თითოეულ ოპერაციულ სისტემაზე ფერმის მიერ გაცემული ჰეშრეითი უნდა გაზომონ, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ. 

ფორუმებზე, მაინერებს შორის, მუდმივი კამათია იმაზე, თუ რომელი OS არის საუკეთესო. ზოგი მხარს Windows 10-ს უჭერს, ზოგი Linux/Ubuntu-ს, ხოლო ზოგიერთი მაინერი თვლის, რომ არაფერია ისეთ სპეციალიზებულ ოპერაციულ სისტემებზე უკეთესი, როგორიცაა RaveOS ან EthOS.

ყველაზე გავრცელებულია Windows-ი და Linux-ი. Microsoft-ის OS მარტივი გამოსაყენებელია, აქვს საუკეთესო დრაივერების მხარდაჭერა უახლესი GPU-ებისთვის და მუდმივად განახლებადია.

Windows 7-ზე და 10-ზე, ვიდეო ბარათების დაყენებისას, ჰეშრეიტი არ განსხვავდება, მაგრამ, "შვიდიანს" განახლებები არ სჭირდება. ეს იცავს კომპიუტერს გადამეტტვირთვისა ან “გაჭედვისგან”. ის ასევე პრაქტიკულად არ ხარჯავს გრაფიკული ბირთვის რესურსებს, მაგრამ ზღუდავს ფერმის ზომას (არაუმეტეს 5 GPU). Windows 7 მოსახერხებელია ახალბედა მაინერებისთვის მცირე ბიუჯეტით.

პარამეტრების რაოდენობის გათვალისწინებით, Windows 10 იდეალურია კრიპტოვალუტების მაინინგისთვის, მაგრამ მისი ოპტიმიზაცია რთულია (Windows 7-თან შედარებით). უმჯობესია იმუშაოთ არააქტივირებულ ოფიციალურ ვერსიაზე ლიმიტირებული ფუნქციონალით, რაც ციფრული ვალუტების მოპოვებაზე გავლენას არ ახდენს.

Windows-ის ოფიციალური ვერსიის გამოყენებისას, თქვენ არ გჭირდებათ მასში ფულის გადახდა. გააქტიურების შეხსენებები გავლენას არ ახდენს OS-ის მუშაობაზე და შესაძლებელია მათი იგნორირება.

ტროიანებთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან ასაცილებლად, არ უნდა გამოიყენოთ საეჭვო ოპერაციული სისტემა უცნობი წყაროებიდან. უმჯობესია ჩამოტვირთოთ ოფიციალური ვერსია Microsoft-ის ვებსაიტიდან ან ორიგინალური გამოსახულება ტორენტ კლიენტის საშუალებით. მეკობრული ვერსიები  დამატებით სოფტს შეიცავს და, რაც უფრო ნაკლები პროგრამაა დაინსტალირებული, მით უფრო ეფექტიანად მუშაობს ფერმა.

Ubuntu პოპულარულია მისი ხელმისაწვდომობისა და მოსახერხებელი GUI-ის გამო, მაგრამ ყველა მაინერს არ სჭირდება ეს ფუნქცია. ამ პლატფორმის დასაყენებლად და მისი მართვისთვის ბრძანების ველთან მუშაობის ძირითადი უნარებიც საკმარისია.  

ძირითადი მიზეზი, რის გამოც ბევრი მაინერი ირჩევს Linux-ს, არის მისი სტაბილურობა - ოპერაციული სისტემა თითქმის არასოდეს იჭედება. მისი განახლებაც კი მუშაობის პროცესში ხდება და გადატვირთვას არ საჭიროებს.

Linux და მასზე დაფუძნებული, მაინინგზე გათვლილი,  ვიწროსპეციალიზებული სისტემები  (HiveOS, RaveOS, EthOS და ა.შ.) უფრო საიმედოა, რადგანაც უკეთაა დაცული ვირუსებისგან და მხარს უჭერს სხვადასხვა თაობის GPU-ებს. ხშირად მათზე გადმოდიან მაინერები, რომლებსაც აქვთ უახლესი თაობის გრაფიკული ბარათები, მაგრამ არ სურთ Windows 10 ან 11-ის დაყენება, რათა არ დაკარგონ ჰეშრეიტი ამ OS-ების ზედმეტი  რესურსული გაუმაძღრობის გამო.

თუ თქვენ გჭირდებათ ათობით ან ასობით GPU ფერმის მომსახურება, OS-ის არჩევას განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ. ამ შემთხვევაში, უმჯობესია შეჩერდეთ ერთ-ერთ სპეციალიზებულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე, რომელიც მაინინგისთვის არის განკუთვნილი.

დასკვნა

ერთი GPU ფერმის მომსახურებისთვის, თქვენ შეგიძლიათ შემოიფარგლოთ ოპერაციული სისტემით Windows. თუ აღჭურვილობა სხვადასხვა მწარმოებლისგანაა, მაშინ უმჯობესია გამოიყენოთ Linux - ზოგიერთი ვიდეო ბარათით ეს სისტემა მეტი წარმადობის შესაძლებლობას მოგცემთ. მაგრამ თუ მაინერი  თავის დროს აფასებს ან მაინინგი ინდუსტრიულ მასშტაბებს მიაღწევს, სპეციალიზებული გადაწყვეტილებები საუკეთესო ვარიანტი იქნება.