რისთვისაა საჭირო Shanghai ჰარდფორკი Ethereum-ის ქსელში?

ფოტო - რისთვისაა საჭირო Shanghai ჰარდფორკი Ethereum-ის ქსელში?
თუ მოვლენას ისევ არ გადადებენ, 12 აპრილს Ethereum-ის ბლოკჩეინში Shanghai ჰარდფორკი შედგება. ეს არის ქსელში მასშტაბური ტექნიკური განახლება, სმარტ კონტრაქტების შესრულების დონეზე, რაც ვალიდატორებისა და დეველოპერების სამუშაო პირობებს შეცვლის.
იმისათვის, რომ ახალშემოღებული ცვლილებები ამოქმედდეს, პარალელურად მოხდება განახლება კონსენსუსის დონეზე, რომელსაც Capella ეწოდება.

Shanghai-ს ამოქმედებისას, Ethereum-ის გადასვლა ალგორითმზე Proof-of-Stake (PoS) საბოლოოდ დასრულდება.

ამ ყველაფრის მთავარი მიზანი იმ სახსრების გატანის ფუნქციების დამატებაა, რომლებიც ბლოკჩეინის მონაწილეებმა სტეიკინგში დაბლოკეს. პროცესის დეტალები აღწერილია წინადადებაში Ethereum-ის გაუმჯობესების შესახებ #4895 (EIP-4895). სტეიკინგისთვის გამოყენებული კრიპტოვალუტების გატანის შესაძლებლობა, სხვა EIP-ებთან ერთად, ამ განახლების ნაწილია.

ჰარდფორკის წარმატებით დასრულების შემდეგ, სტეიკინგში მონაწილე მომხმარებლები თავიანთი სახსრების განკარგვას შეძლებენ. ზოგადად, მთლიანი თანხა 16 მილიონ ETH-ს აღწევს. ვიღაც ტოკენებს ისევ სტეიკინგზე განათავსებს, სხვები ქსელის უზრუნველყოფაზე უარს იტყვის, ზოგი კი ჯილდოების გატანას ამჯობინებს, მაგრამ ვალიდაციის პროცესში მონაწილეობას ხელახლა მიიღებს. როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ მომხმარებლებმა, თანხის განაღდება შეზღუდულია და დღეში 43 200 ETH-ს შეადგენს. ზომები ბაზარზე ქაოსის თავიდან ასაცილებლად არის მიღებული. 

უახლოეს მომავალში ჩვენ გავარკვევთ, თუ როგორ აისახება განახლება Ether-ის ფასზე: დაფიქსირდება თუ არა განბლოკილი ETH-ის აქტიური გაყიდვა, თუ ქსელის მონაწილეები თავიანთ ჯილდოებს გაიტანენ და სტეიკინგში განმეორებით მონაწილეობას აირჩევენ.

Shanghai განახლების წინაისტორია

2020 წლიდან Ethereum-ის გუნდს ეტაპობრივად გადაჰყავს თავისი  ბლოკჩეინი კონსენსუსის ალგორითმიდან Proof-of-Work ალგორითმზე Proof-of-Stake. პირველი ნაბიჯი იყო ბლოკების გვერდითი ჯაჭვის, Beacon Chain-ის ამოქმედება, რომელიც სრულად PoS მექანიზმზე ფუნქციონირებდა. 2022 წელს შედგა მოვლენა The Merge, რის შედეგადაც Ethereum გაერთიანდა Beacon Chain-თან და გადავიდა Proof-of-Stake-ზე.

როდესაც კონსენსუსის მექანიზმი შეიცვალა, მაინინგი სტეიკინგმა ჩაანაცვლა. მას შემდეგ, მომხმარებლებმა, რომლებსაც ქსელის უსაფრთხოებაში მონაწილეობა სურთ და ტრანზაქციების შემოწმებისა და ჯაჭვში დამატების შესაძლებლობას იღებენ, ქსელში მინიმუმ 32 ETH უნდა დაბლოკონ. რაც უფრო მეტი თანხაა სტეიკინგზე განთავსებული, მით მეტია შანსი გახდეთ ვალიდატორი და ამისთვის ჯილდო მიიღოთ. ამასთან, არსებობს პირობა, რომ მოგება, ისევე როგორც სტეიკინგისთვის განკუთვნილი თანხა, ვერ გადაირიცხება თქვენს კრიპტოსაფულეში და ვერ იქნება გამოყენებული მომდევნო განახლებამდე.

Shanghai ჰარდფორკის 3 ეტაპი

განახლება შედგება ტესტირების სამი ეტაპისგან, რომელთაგან ორი უკვე ჩატარდა, ბოლო კი აპრილში გაიმართება.

უპირველეს ყოვლისა, სახსრების გამოტანის ფუნქცია Sepoila-ს ტესტნეტში შემოწმდა. ვალიდატორებმა თავიანთი ETH ასევე წარმატებით განბლოკეს Zhejiang-ის ტესტქსელში. მესამედ ამ ფუნქციას ჩაურთავენ Goerli-ს ქსელს, შემდეგ კი ის Ethereum-ის მთავარ ჯაჭვზე ამუშავდება.

კიდევ რა წინადადებები იქნება გათვალისწინებული ახალ განახლებაში?

გაუმჯობესების შესახებ ძირითადი წინადადება #4895-ის გარდა, რომელიც სტეიკინგზე განთავსებული ETH-ის გატანის შესაძლებლობას იძლევა, არის სხვა სიახლეებიც, რომლებიც გაზის ხარჯების შემცირებასთან არის დაკავშირებული. 

  • EIP-365. "Coinbase-ზე" წვდომისთვის გაზის ღირებულების შემცირება (ეს კრიპტობირჟა კი არ არის, როგორც შეიძლება გეფიქრათ, არამედ პროგრამული უზრუნველყოფაა, რომლის მეშვეობითაც ვალიდატორები და დეველოპერები ახალ ტოკენებს იღებენ).
  • EIP-3855. დეველოპერებისთვის გაზის ხარჯების შემცირება "Push0" კოდის საშუალებით.
  • EIP-3855. გაზის ზოგადი შემცირება დეველოპერებისთვის.
  • EIP-3860. გაზის შეზღუდვა დეველოპერებისთვის ინიციალიზაციის კოდთან ურთიერთქმედებისას, რომელიც სმარტ კონტრაქტებთან მუშაობისას გამოიყენება.

რა მოხდება Shanghai-ის შემდეგ?

Shanghai ჰარდფორკი არ შეიცავს ერთ მნიშვნელოვან წინადადებას - EIP-4844-ს, რომელიც გულისხმობს Ethereum-ის ბლოკჩეინის შარდინგს. ეს არის უკეთესი მასშტაბირებისთვის ჯაჭვის დაყოფა საკუთარი პასუხისმგებლობის უბნების მქონე სხვადასხვა  სეგმენტებად.

თუმცა, შარდინგის დანერგვა ქსელის გარდაუვალი განახლებაა, რომელიც 2023-2024 წლებში იგეგმება. სწორედ ამას ველოდებით Shanghai-ის შემდეგ.