Standard Chartered-ის პროგნოზი: ბიტკოინი $100 000-მდე გაიზრდება

ფოტო - Standard Chartered-ის პროგნოზი: ბიტკოინი $100 000-მდე გაიზრდება
2022 წლის დეკემბერში ფინანსურ-საბანკო კონგლომერატ Standard Chartered-ის ანალიტიკოსებმა მოამზადეს არც თუ ისე დამაიმედებელი პროგნოზი 2023 წლის კრიპტოვალუტური ბაზრისთვის. თუმცა, მას შემდეგ რაც ბიტკოინმა $16 000-დან $30 000-მდე გაზრდა მოახერხა, Standard Chartered-ის ექსპერტებმა ამ პროგნოზის გადასინჯვა გადაწყვიტეს.
მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში კრიპტოვალუტური ბაზარი მკვეთრად გაიზარდა. Standard Chartered-ის ანალიტიკოსები თვლიან, რომ ე.წ. კრიპტოზამთარი დასრულდა, უძველეს კრიპტოვალუტას აქვს იმის პოტენციალი, რომ 2024 წლის ბოლოსთვის $100 000-ს მიაღწიოს. თუ BTC დადებით დინამიკას აჩვენებს, ის მთელ კრიპტოვალუტურ ბაზარს აიყოლიებს.

ანალიტიკოსების თქმით, ბიტკოინს კარგი პერსპექტივები აქვს. ამას ხელს უწყობს ბოლოდროინდელი რყევები, საბანკო სექტორის არასტაბილურობა და სარისკო აქტივებზე მოთხოვნის სტაბილიზაცია. ბოლო მოვლენები ხდება იმის წყალობით, რომ  აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა საპროცენტო განაკვეთების გაზრდის ციკლს ასრულებს. ასევე, ციფრული აქტივების ღირებულების ზრდას კრიპტოვალუტის მაინინგის მომგებიანობის ზრდა უწყობს ხელს. ყველა ეს ფაქტორი თავის ჩანაწერში აღნიშნა Standard Chartered-ის ციფრული აქტივების კვლევის განყოფილების ხელმძღვანელმა ჯეფ კენდრიკმა.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არის გარკვეული გაურკვევლობა, ჩვენ გვჯერა, რომ ბიტკოინის გზა $100 000-ის ნიშნულამდე ახლა უფრო მკაფიოა
წერს კენდრიკი
წელს ბიტკოინმა მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა. აპრილში BTC-მა, პირველად ბოლო ათი თვის განმავლობაში, $30 000-ს გადააჭარბა. მისი კაპიტალიზაციისა და მომგებიანობის ზრდა მიუთითებს ნაწილობრივ აღდგენაზე მას შემდეგ, რაც 2022 წელს კრიპტოვალუტური ბაზრიდან ტრილიონობით დოლარის გადინება მოხდა. მიზეზი ცენტრალური ბანკების მიერ განაკვეთების ზრდა და რიგი კრიპტოვალუტური კომპანიების გაკოტრება გახდა.

პროგნოზები კრიპტოვალუტების არარეალური სიმაღლეების შესახებ ჩვეულებრივი მოვლენა იყო ბიტკოინის ბოლო ბულრანის დროსაც. 2020 წლის ნოემბერში, Citibank-ის ერთ-ერთმა ანალიტიკოსმა ივარაუდა, რომ 2022 წლის ბოლოსთვის ბიტკოინი შეიძლება  $318 000-მდე გაიზარდოს. თუმცა, გასული წლის ბოლოს მისი ფასი თითქმის 65%-ით დაეცა. BTC-მა $16 500-ის ნიშნულს მიაღწია.

Standard Chartered-ის ანალიტიკურ ჩანაწერში აღნიშნულია, რომ ბიტკოინმა ინვესტორებისთვის უსაფრთხო ნავსაყუდლის  სტატუსის, შენახვის საშუალებისა და ღირებულების დაგროვების, ასევე ფულადი გზავნილებისთვის მოსახერხებელი ინსტრუმენტის უპირატესობებით კიდევ ერთხელ ისარგებლა. 

კენდრიკი ასევე თვლის, რომ ევროპარლამენტის მიერ კრიპტოაქტივების ბაზრების რეგულირების განკუთვნილი, MiCA-ს წესების პირველი ვერსიის მხარდაჭერამ ბიტკოინსა და სხვა კრიპტოვალუტებზე დადებითი გავლენა უნდა მოახდინოს. ეს საკმაოდ სადავო განცხადებაა, მაგრამ ანალიტიკურ ჩანაწერში საუბარი სწორედ ამაზეა.

კრიპტობაზრის ანალიტიკოსების უმეტესობა თვლის, რომ ბიტკოინის ფასზე კიდევ ერთხელ დადებითად იმოქმედებს ჰალვინგი. ეს ღონისძიება ერთ წელიწადში, 2024 წლის აპრილში შედგება და მაინერების ჯილდოს გაანახევრებს. ტრადიციულად, მომდევნო 1-1,5 წლის განმავლობაში, ბიტკოინის ღირებულება იზრდება და მორიგ საფასო მაქსიმუმს (ATH) აღწევს. ყველა ამ ციკლური ეფექტის განმეორებას ელის.

დავუბრუნდეთ Standard Chartered-ს. ყურადღება მათ ამჟამინდელ პროგნოზს უნდა მივაქციოთ. განსაკუთრებით იმ ფაქტს, რომ ის სრულიად ეწინააღმდეგება იმას, რაც 2022 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა და რომელიც ჩვენს მკითხველს უკვე გავაცანით. შეგახსენებთ, მაშინ Standard Chartered-ის მთავარმა სტრატეგმა, ერიკ რობერტსენმა ინვესტორებს ანალიტიკური ჩანაწერი გაუგზავნა. მან იწინასწარმეტყველა არც თუ კარგი  დრო კრიპტოვალუტებისთვის, ბიტკოინის ღირებულების 70%-ით დაცემა და ინვესტორების ინტერესის ზრდა ფიზიკური ოქროს მიმართ. რაც შეეხება ოქროს, მან სწორად გამოიცნო, თუმცა მისი პროგნოზი კრიპტოვალუტებსა და ბიტკოინთან მიმართებაში საერთოდ არ გამართლდა. პირიქით, 2023 წლის ოთხ თვეში ბიტკოინის ღირებულება 90%-ით გაიზარდა.